logo
ENG



"ზედმიწევნით შესრულდა ყველა პირობა" - "ოცნება" აშშ-ს პასუხობს

16 ივლ 202116:11
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნება უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მწვავე შეფასებას პასუხობს. 

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხდება გამოქვეყნდა, მმართველი პარტიის არც ერთი წარმომადგენელი მედიასთან არ გამოჩენილა. ქართულმა ოცნებამ განცხადება ფეისბუქით გაავრცელა ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის სახელით. 

მასში ნათქვამია, რომ "ქართულმა ოცნებამ ყველა პირობა, რომელიც დასავლელი პარტნიორების წინაშე აიღო, ზედმიწევნით შეასრულა, შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება".

ქართული ოცნების ლიდერების მტკიცებით, სტრატეგიულ პარტნიორებს არასწორი ინფორმაცია ცალკეული ჩინოსნების გამო მიეწოდება, თუმცა, განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება ამაში. 

განცხადებაში ვკითხულობთ: 

"დღეს გავრცელდა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ მოსამართლეების არჩევა 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა.

გვსურს, გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა სახელმწიფო მდივნის მიმართ და პარტიის პოლიტიკურ გუნდთან შეთანხმებით, კიდევ ერთხელ განვმარტოთ საპარლამენტო უმრავლესობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველი.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ამა წლის მარტში წარმოებდა აქტიური მოლაპარაკებები 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის გარშემო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებული პუნქტები ჩვენ - ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა უშუალოდ შევათანხმეთ საერთაშორისო პარტნიორებთან. კერძოდ, შეთანხმების თანახმად, უნდა „დაპაუზებულიყო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მიმდინარე პროცესი, უნდა გადასინჯულიყო შერჩევის პროცედურა ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების შესაბამისად, შეცვლილი კანონის საფუძველზე დამატებით კანდიდატებს უნდა მისცემოდათ განაცხადების შეტანის შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო კანდიდატების შერჩევის პროცესი.

მოლაპარაკებების წარმოებისას, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმების მიხედვით მოქმედების შემთხვევაში, აზრი აღარ დაეკარგებოდა მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას პროცედურის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობა მიეცემოდა!". - აღნიშნავს ქართული ოცნება. 

თალაკვაძე, კობახიძე და პაპუაშვილი მიუთითებენ, რომ აღნიშნული ზეპირი შეთანხმება კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს გამოქვეყნებულ პოლიტიკური შეთანხმების პირველად პროექტში და ამბობენ, რომ შესაბამისად მოქმედება ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ დოკუმენტის ხელმოწერამდე, მარტში დაიწყო და საქართველოს პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი ინიციატივის წესით 24 მარტს წარუდგინა. 

"შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, როდესაც კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა და პოლიტიკური შეთანხმების პირვანდელი პროექტი გამოაქვეყნა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ გააკეთა საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება არჩევნებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც განახორციელებდა.

სწორედ ამ დაპირებისა და კრისტიან დანიელსონის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ ბოლომდე მიიყვანა დაწყებული პროცესი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები აპრილში სამი მოსმენით მიიღო.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის ყველა საკვანძო რეკომენდაციას: დაინერგა კენჭისყრის სრული ღიაობა და საჯაროობა; შემოღებულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების ქულების შესაბამისად მიღების წესი; შემოღებულ იქნა საბჭოს გადაწყვეტილებების ოთხმაგი გასაჩივრების წესი.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, რომელსაც არცერთ ზემოაღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით არავითარი შენიშვნა არ წარმოუდგენია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს პოლიტიკური შეთანხმების პროექტით გათვალისწინებული ყველა პირობა 19 აპრილამდე უკვე შესრულებული ჰქონდა, 31 მარტს გამოქვეყნებული ტექსტი 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში უცვლელი სახით დარჩა. ამ და სხვა მსგავსი გარემოებების თაობაზე ქართულმა ოცნებამ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაგან მივიღეთ თხოვნა, 19 აპრილის შეთანხმებაზე დამატებითი ცვლილებების გარეშე მოგვეწერა ხელი, რათა დაზუსტებებს დამატებითი პოლიტიკური გართულებები არ გამოეწვია, დოკუმენტში არსებული უზუსტობები კი აღსრულების პროცესში დაგვეზუსტებინა. ჩვენ პარტნიორების აღნიშნულ თხოვნას ანგარიში გავუწიეთ. სწორედ ამ ზეპირი შეთანხმების შედეგი იყო, მაგალითად, რომ ოთხთვიანი ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმი საარჩევნო კოდექსში ოთხკვირიანი მექანიზმით შეიცვალა.

ამრიგად, ზედმიწევნით შესრულდა პოლიტიკური შეთანხმების ყველა პირობა: ხელისუფლებამ „თავი შეიკავა“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ძველი წესების შესაბამისად განწესებისგან; საერთაშორისო პარტნიორებთან შეჯერებული რეკომენდაციის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „დააპაუზა“ გასაუბრების პროცესი; პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ზედმიწევნით ასახავს ვენეციის კომისიის სამივე საკვანძო რეკომენდაციას; ახალმა კანონმა დამატებით კანდიდატებსაც მისცა განაცხადების შეტანისა და შერჩევის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა". - მიუთითებს მმართველი პარტია და აღნიშნავს, რომ "პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა". 

"აღნიშნული გარემოება საქართველოს პარლამენტს აკისრებდა ვალდებულებას, ემოქმედა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზედმიწევნით გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 2019 წლის რეკომენდაცია, რომლის თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ერთი ნახევარი მეცხრე, ხოლო მეორე ნახევარი - მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ უნდა არჩეულიყო. მანამდე, გატარდა ე.წ. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე ტალღის რეფორმები, რომლებმაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა. გატარდა საკონსტიტუციო რეფორმა და ჩამოყალიბდა სასამართლო ხელისუფლების თავის ახალი რედაქცია, რომელმაც ვენეციის კომისიისგან ასევე მაღალი შეფასება მიიღო.

ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს". - ნათქვამია განცხადებაში. 

ქართულ ოცნება ამბობს, რომ "გუნდის თითოეული წევრისთვის გასაკვირი და შემაშფოთებელია განცხადებები და შეფასებები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ვრცელდება". 

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მზად არის, "სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარეობა, რაც საბოლოოდ ნათელს მოფენს სიმართლეს". 

***

დღეს, 16 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს პარლამენტის მიერ 12 ივლისს უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას გამოეხმაურა და მას შემაშფოთებელი უწოდა, ვინაიდან ამ დანიშვნით 19 აპრილის შეთანხმება დაირღვა. 

განცხადებით ამერიკის შეერთებული შტატებმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი, ამავდროულად განაახლოს პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან. 

არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, შეეჩერებინათ პროცესი, პარლამენტმა 12 ივლისს 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის ძირითად ნაწილს. 

ქართულ ოცნებასთან ერთად კენჭსყრაში მონაწილეობა მიიღეს: ფრიდონ ინჯია - პარტია ევროპელი სოციალისტები, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანი ბუჩუკური - პარტია საქართველოსთვის, ალეკო ელსაშვილი და ლევან იოსელიანი - მოქალაქეები

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლის გვარი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 17 ივნისს გადაუგზავნა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში. 

ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა. 

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც.

რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგა და გაეგზავნა ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

9 ივლისს ეუთო/ოდირმა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების საკითხებში.


close დახურვა